
როგორ განვახორციელოთ მტკიცებულებათა უზრუბველყოფა
გამოყენებული ლიტერატურა:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 2023 წლის 28 ივნისის მდგომარეობით ;
მტკიცებულება არის ინფორმაცია, რომელიც იძლევა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების უზრუნველყოფას ან გაქარწყლებას.
სასამართლოში სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტი. (4(1)-ე მუხლი.)
პროცესის თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. (102-ე მუხლი.)
განცხადება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით. ასეთი განცხადების ზეპირი ფორმით წარდგენა დასაშვებია სასამართლოში საქმის განხილვის დროს. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ ზეპირი განცხადებით აღძრული შუამდგომლობა, შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. (111-ე მუხლი)
იმ პირს რომელსაც საფუძველი აქვს იფიქროს, რომ მისთვის საჭირო მტკიცებულებათა წარდგენა შემდგომში შეუძლებელი ან ძნელი გახდება, შეუძლია სთხოვოს სასამართლოს ამ მტკიცებულებათა უზრუნველყოფა. მტკიცებულებათა უზრუნველყოფა დასაშვებია სასამართლოში საქმის აღძვრამდეც. (109-ე მუხლი);
მაგალითად, მტკიცებულება (ფაქტი) რომელიც შეიძლება განადგურდეს და შემდეგ შეუძლებელი გახდეს მისი მტკიცებულებად გამოყენება, გამოთხოვა ან საშიშროება იყოს ამ მტკიცებულების საგნის შეცვლის, ასეთ შემთხვევაში ხდება მტკიცებულების უზრუნველყოფის მოთხოვნა, სასამართლოში საქმის აღძვრამდე. ეს შეიძლება იყოს, ადგილზე დათვალიერება, ექსპერტიზის ჩატარება, მალფუჭებადი საქონლის აღრიცხვა, შეფასება, დაზიანებული საგნის , სუბიექტის ადგილზე დათვალიერება და სხვა. მტკიცებულების უზრუნველყოფის საქმის წარმოება, ძირითადად გამოიყენება მაშინ, როდესაც პროცესის მონაწილე, მტკიცებულების წარმოდგენას სასამართლოში ვერ ახერხებს. ეს აგრეთვე შეიძლება იყოს მოწმის მის საცხოვრებელ ადგილზე დაკითხვა, რომელიც გარკვეული მიზეზის გამო გადაადგილებას ვერ ახერხებს, მოწმეთა ჯგუფის გამოკითხვა სხვა ტერიტორიაზე, რომელთა მოწვევა, მათი სიმრავლის ან სხვა მიზეზების გამო, საქმის განმხილველ სასამართლოში შეუძლებელია. მტკიცებულების უზრუნველყოფის მრავალი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, რასაც აქ არ ჩამოვთვლით.
მტკიცებულებათა უზრუნველყოფას სასამართლოში საქმის აღძვრამდე ახდენს იმ რაიონის (ქალაქის) მოსამართლე ან მაგისტრატი მოსამართლე, რომლის ტერიტორიაზედაც უნდ შესრულდეს საპროცესო მოქმედება უზრუნველყოფის მიზნით ( მოწმის დაკითხვა, ნივთიერ მტკიცებულებათა დათვალიერება და ა.შ) (110-ე მუხლი)
მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით განცხადებულ შუამდგომლობაში უნდა აისახოს:
ა) მტკიცებულებანი, რომელთა უზრუნველყოფაც აუცილებელია;
ბ) გარემოებანი, რომელთა დასადასტურებლადაც საჭიროა ეს მტკიცებულებანი;
გ.) მიზეზები, რომლებმაც აიძულა განმცხადებელი მიემართა შუამდგომლობით მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ;
დ) მოწინააღმდეგე მხარის გვარი, სახელი და მისამართი, თუ განცხადება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ შეტანილია სასამართლოში საქმის აღძვრამდე და განმცხადებელმა იცის, თუ ვინ შეიძლება იყოს მოწინააღმდეგე მხარე. (112-ე მუხლი)
მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ მოსამართლეს გამოაქვს განჩინება, რომელშიც მიუთითებს მისი წარმოების წესს და საშუალებებზე. საპროცესო მოქმედება, რაც საჭიროა მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად, უნდა შესრულდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით. (113-ე მუხლი)
საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს.( მე4(2)-მუხლი.)
სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვისათვის საქმის მოსამზადებლად მოსამართლეს შეუძლია:
ა) დაავალოს მხარეებს შეავსონ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში განმარტონ მათ მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალები, წინადადება მისცეს მათ წარმოადგინონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთები თუ დოკუმენტები;
ბ.) გამოითხოვოს მხარეთა თხოვნით მტკიცებულებანი სხვადასხვა დაწესებულებიდან თუ მოქალაქეებისგან , რომელთა მიღებაც თავად მხარეებმა ვერ შეძლეს;
გ.) გადაწყვიტოს სასამართლო პროცესში მესამე პირებისა და თანამონაწილეების დაშვების საკითხი;
დ.) შეამოწმოს მტკიცებულებები, თუ ეს სასამართლოში საქმის არსებით განხილვისას ძნელი იქნება ან გააჭიანურებს საქმის განხილვას;
ე.) ჩაატაროს ადგილზე დათვალიერება;
ვ.) მისცეს სასამართლო დავალებები;
ზ.) მოახდინოს სარჩელის უზრუნველყოფა;
თ.) დანიშნოს ექსპერტიზა, გადაწყვიტოს ექსპერტის მოწვევის საკითხი;
ი.) გადაწყვიტოს სპეციალისტის მოწვევის საკითხი;
კ.) დაიბაროს მოწმეები, აგრეთვე ექსპერტები და სპეციალისტები სასამართლო სხდომის დღისათვის.
მოსამართლეს შეუძლია სხვა მოქმედებების შესრულებაც, რომლებიც ხელს შეუწყობენ სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად საქმის მომზადებას.(203-ე მუხლი)
მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების დროს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედებების შესრულებისას ( ადგილზე დათვალიერება, მოწმეთა დაკითხვა, მტკიცებულებათა უზრუნველყოფა, გეგმებისა და გაანგარიშებების შედგენა და ა.შ.) სასამართლოს შეუძლია მოიწვიოს სპეციალისტი ს.ს.ს.კ- 204-ე მუხლით დადგენილი წესითა და საფუძვლებით. სპეციალისტი შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამისის დაწესებულებიდან. ამ შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელი გასცემს განკარგულებას იმის თაობაზე, თუ ამ დაწესებულების თანამშრომელთაგან რომელი უნდა გაიგზავნოს სპეციალისტად, რასაც აცნობებს სასამართლოს. სპეციალისტად მოწვეული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში, გაუწიოს მას კონსულტაცია, აღმოუჩინოს ტექნიკური დახმარება. სპეციალისტის ზეპირი კონსულტაცია შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში, ხოლო წერილობითი პასუხები დაერთვის საქმეს.
მტკიცებულებათა გამოკვლევის დროს მხარეებს ეცნობებათ მტკიცებულებათა უზრუნველყოფის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულებას. ოქმები და მტკიცებულებათა უზრუნველყოფის წესით შეკრებილი ყველა მასალა გაეგზავნება საქმის განმხილველ სასამართლოს. თუ მტკიცებულებათა უზრუნველყოფა მოხდა სასამართლოში საქმის აღძვრამდე, უზრუნველყოფის დროს შედგენილი ოქმი და სხვა მასალები შეინახება სასამართლოში, რომლებიც შემდგომ, მხარეთა თხოვნით ან თვით სასამართლოს ინიციატივით, გაეგზავნება იმ სასამართლოს, რომელიც განიხილავს საქმეს. მხარეებს, იმისგან დამოუკიდებლად, მონაწილეობდნენ თუ არა ისისნი მტკიცებულებათა უზრუნველყოფაში, უფლება აქვთ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და მიუთითონ იმ ხარვეზებზე, რომლებსაც, მათი აზრით, ადგილი ჰქონდა უზრუნველყოფის დროს. საქმის განხილვის დროს სასამართლოს შეუძლია დაადგინოს მტკიცებულებათა დამატებითი ან განმეორებითი უზრუნველყოფა.(115-117-ე მუხლები)
მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეულ ხარჯებს გადაიხდის პირი, რომელმაც იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე ასეთი უზრუნველყოფის შესახებ. მოწინააღმდეგე მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს მტკიცებულებათა უზრუნველყოფაში მონაწილეობისათვის მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება. საბოლოოდ ამ ხარჯების განაწილება მოხდება სასამართლოს მიერ საქმის არსებითად გადაწყვეტისას. (118-ე მუხლი)
სასამართლო პროცესის ხარჯების განაწილების შესახებ გაწერილია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 თავში, რომელსაც აქ დეტალურად არ განვიხილავ, მხოლოდ ზოგადად განმარტავ საპროცესო ხარჯების ცნებას და რომელ კატეგორიაში განიხილება მტკიცებულების უზრუნველყოფის შესახებ ხარჯების ცნება. საპროცესო ხარჯების შესახებ საკითხებს განვიხილავ ცალკე.
სასამართლო პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური) მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე სხვა აუცილებელი ხარჯები. (37-ე მუხლი)
სასამართლო განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია:
ა)მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტიზისათვის მისაცემი თანხები;
ბ.) თარჯიმანად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები;
გ.) ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები;
გ1) სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციაზე გაწეული ხარჯები;
დ) მოპასუხის მოძებნის ხარჯები;
ე.) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები;
ვ.) ადვოკატისათვის სახელმწიფო სალაროდან გადახდილი თანხები;
ზ.) სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები.(44-ე მუხლი)
სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები) კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვ თუ ასეთი მოქმედების შესრულება სასამართლოს ინიციატივით ხდება, მაშინ ეს თანხა ორივე მხარეს შეაქვს თანაბარწილად. (52-ე მუხლი)
მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრება არ დაიშვება. მტკიცებულებათა უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. (119-ე მუხლი)
კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ს.ს.ს კოდექსით გათვალისიწინებული შემთხვევებში. კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება. კერძო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება. კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს. კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია, გამონაკლისების გარდა, ეს შეიძლება იყოს საპატიო მიზეზი, დაუძლეველი ძალა ან სხვა შემთხვევა, რასაც კანონი განსაზღვრავს. განჩინების გასაჩივრების ვადა იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში. (414-420-ე მუხლები)
ავტორი: ადვოკატი კონსტანტინე დანელია